weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა – ილია მეორე 9 აპრილს იხსენებს

17:44 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. როგორც ილია მეორემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის.

„ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს და მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად.

როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა. სიმშვიდე ჩამოვარდა. მერე დაიყვირეს - არა! ეს იყო მზადყოფნა. ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები.

მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო. მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, მე არ მომხვედროდა“, – ამბობს ილია მეორე.

პატრიარქის თქმით, მან უარი თქვა შეთავაზებაზე, ასულიყო მთავრობის კაბინეტში, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდა.

„მე უარი ვუთხარი. ყველაზე მძიმე იყო მდგომარეობა ჯუმბერ პატიაშვილისა. ზოგიერთი ამბობდა და მეც ვამბობდი, რომ თვითონ მთავრობა ჩამოვიდეს-მეთქი. მეორე დღეს მე დავურეკე და ვანუგეშე. ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი“, – თქვა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, ქართველ ხალხს ახასიათებს ის, რომ საშიშროების წინაშე ერთიანდება. მისივე განცხადებით, იმ ღამეს ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ იყვნენ განწყობილები.

„ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული. ეს იყო უმძიმესი საყურებელი.

მე მზად ვიყავი მაგისთვის, რომ ის დღე ჩემთვისაც ბოლო დღე ყოფილიყო, მაგრამ სხვანაირად მოხდა“, – თქვა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და დავინახოთ მომავალი, ვის ვებრძვით.

„უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგვინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისთვის, მომავალი თავისუფლებისთვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისთვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსთვის, მეგობრებისთვის. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართველი ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა თქვას ჩემზე უკეთესი“, – განაცხადა ილია მეორემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]