სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე ხობისწყლის ნაპირას შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც მდინარე უეცრად ადიდდა. ადიდებული წყლის გადმოლახვა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლის დინების გაძლიერების გამო მდინარეში შესვლა და მოქალაქეების გამოყვანა ვერ მოახერხეს. მათ დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
„რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.