weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვთხოვთ სახელმწიფოს ბათუმში აღმოჩენილ 150-მდე ნეშტს დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდეს – მუფთი

12:35 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019
ფოტოზე ბეგლარ ქამაშიძე ფოტოზე ბეგლარ ქამაშიძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე ითხოვს, რომ ბათუმში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილ 150-მდე ნეშტს, რომლებიც, სავარაუდოდ, 1937-38 წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნით, სახელმწიფომ დნმ-ის ანალიზი ჩაუტაროს. მუფთის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ დახვრეტილთა სიაში ძალიან ბევრი მუსლიმი სულიერი წინამძღვარია.

„ხუთი დღის წინ გავიგე ეს ამბავი. არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, რომ იპოვეს სამარხი, საიდანაც ძვლები ამოიღეს. სამუფთოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, მრევლმა მოგვმართა და სურდათ, ამ საქმეში ჩავრთულიყავით. ვთხოვთ სახელმწიფოს, ნაპოვნ ნეშტებს ჩაუტარდეს დნმ-ის ანალიზი და გავიგოთ, ვისი ახლობელის ნეშტი იქნა აღმოჩენილი.

ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ მათი ახლობლების ნეშტები იკრძალება. დახვრეტილთა სახელობით სიაში ძალიან ბევრი მუსლიმი სულიერი წინამძღვარია. ასევე, 1927-38 წლებში, აჭარელ ქართველებში 60-70% მუსლიმები იყვნენ“, – განაცხადა მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა.

მისივე თქმით, თუ ნეშტების იდენტიფიცირება ვერ მოხდება, სასურველია, რომ მათი საფლავი ნეიტრალურ ტერიტორიაზე განთავსდეს, რათა „არცერთი რელიგიის წარმომადგენელი არ დარჩეს გულნატკენი“.

„კარგი იქნება მოხდეს ამ ადამიანების დასვენება ნეიტრალურ სასაფლაოზე. ეს უნდა იყოს სამოქალაქო გასვენება. საფლავებზე არ უნდა იყოს რელიგიური ატრიბუტიკა, არ უნდა ჩატარდეს არცერთი რელიგიის რიტუალი“, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1937-38 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ეპარქიამ ასევე გამოაქვეყნა დახვრეტილ პირთა სია, რომელშიც 698 ადამიანია. მათი განმარტებით, ინფორმცია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოიპოვეს. დახვრეტილთა შთამომავლებმა ნეშტების იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. ამასთან, ისტორიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნეშტები შესაძლოა არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს.

8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განმარტა, რომ დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები, რაც მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები.

ეპარქიის განცხადებით, ყველა თავის ქალას კეფის არეში ტყვიის კვალი აღენიშნებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნეშტები რეპრესირებულებისაა და არა თურქი ჯარისკაცების.

„სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არცერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების)“ – აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 21 აპრილს დაგეგმილ სამოქალაქო დაკრძალვაზე, მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი.

„სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა. აქვე აღიმართება მემორიალი, რომელზედაც დატანილი იქნება 1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სახელები“, – აცხადებს ეპარქია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]