„სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს - ჩვენს სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატნენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღო. ახალ ავტობუსებზე, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ქალბატონები მოემსახურონ, რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ავტობუსის მძღოლებად ქალების გადამზადების პროგრამა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წელს დაიწყო. მერიის განაცხადებით, პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით, ქალი მძღოლები, რომლებსაც 10 წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და შვილის შეძენის შემთხვევაშიც მიიღებენ ფულად დახმარებას.