weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ივანიშვილის ბრალდებების შემდეგ, შავგულიძემ გირგვლიანის საქმეზე განმარტება გააკეთა

13:50 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რატომ არ გაასაჩივრა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ადვოკატის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა.

„შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს ის „ნაცებით“ ირჩევა. ეს კაცი იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ჩვეულებრივი თამაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ ბრალდებებს შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

„ალბათ, საჯაროდ არც ვუპასუხებდი ივანიშვილის ამ ბინძურ ცილისწამებას და ახლად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას გავაგრძელებდი, მაგრამ ვითვალისწინებ რა საზოგადოების დიდ ინტერესს საქმესთან მიმართებით, შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი ამ უსამართლო ბრალდებებს. პირველი - რატომ არ გავასაჩივრეთ სააპელაციო ინსტანციაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება? იმჟამინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისათვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ გაასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, არსებობდა მოქმედების ორი შესაძლო ვარიანტი.

„პირველი - თუ სააპელაციო სარჩელს შეიტანდა ან პროკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული მაინც, ჩვენ როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი, სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის 13-ე, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც“, – განაცხადა შავგულიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ის „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატია.

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ 2014 წლის ნოემბრიდან აღარ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]