დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ცქიტიშვილი და ციხელაშვილი 12:30 საათზე, იუსტიციის სახლის ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდებიან; 13:30 საათზე, სოფელ მატნის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი, 15:30 საათზე კი მინისტრები სოფელ ომალოს მცხოვრებლებს შეხვდებიან; 16:00 საათზე, საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრა პანკისის უხუცესთა კავშირის წევრებთან გაიმართება, ხოლო 17:00 საათზე, დუისის კულტურის ცენტრში ქალთა საბჭოსთან.
მაია ცქიტიშვილს და ქეთევან ციხელაშვილს აქციით დახვდებიან 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები.
„ვინც იმ შეხვედრაზე მივა, თვალებში ჩაგვხედოს შვილმოკლულ მშობლებს და პასუხი გაგვცეს. ვითხოვ, რომ სახელმწიფომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული; აღიარონ, რომ თემირლანი არ იყო ტერორისტი“, – უთხრა პანკისის სათემო რადიოს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მინისტრების ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. 19 მაისს კენჭისყრა სოფელ ზემო ხალაწნის თემში (ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი) ჩატარდება. კახეთის გუბერნატორმა პანკისში ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ვიზიტი რამდენიმე დღის წინ დაანონსა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ ზემო ხალაწნის მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ალხანაშვილი წარადგინა.