საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოიკვლია, რომ საქართველოში არსებული 71 მუნიციპალიტეტის მოხელეებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე იღებს.
თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 600 ლარია, თუმცა კარლო ლაფერაძე ხელფასთან ერთად სოლიდურ დანამატებსაც იღებს, რის გამოც მისი რეალური ანაზღაურება თვეში 6 074 ლარს აღწევს.
ამ თანამდებობის გარდა, კარლო ლაფერაძე ასევე არის თბილისის მერთან არსებული მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის წევრიც, რაშიც ცალკე ანაზღაურება ეძლევა - წელიწადში 10 871 ლარის ოდენობით.
კარლო ლაფერაძის წლიური სახელფასო ანაზღაურება საერთო ჯამში 83 021 ლარია, ანუ თვეში საშუალოდ 6 918 ლარი.
შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასის ოდენობა წელიწადში 82 800 ლარია (თვეში 6 900 ლარი), პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 031 ლარი (თვეში - 6 669 ლარი), პრემიერ-მინისტრისა კი 51 370 ლარი (თვეში 4 280 ლარი).
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის განმავლობაში მხოლოდ 38 160 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 3 180 ლარი, რაც მისი ხელქვეითის ხელფასთან შედარებით თითქმის 2,2-ჯერ ნაკლებია.
კარლო ლაფერაძე თბილისის მერიაში ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის აპრილიდან მუშაობს.