კვლევის თანახმად, თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის 804 464 ლარი გაიცა.
„ყველაზე მეტი თანხა - 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, რომელმაც ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა, ასევე, ამავე პერიოდის განმავლობაში 50 000 ლარი გამოყო ვლაქერნობის ფარგლებში „საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად“. მესტიის მუნიციპალიტეტმა 439 958 ლარი გამოყო ცალკეული ეკლესიებისა და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისათვის. ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად. ფოთის მერიამ ჯამში 237 537 ლარი დახარჯა, საიდანაც 94 719 ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაობს. აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გაიმართა გამოყოფილი 77 500 ლარით“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
მათივე ცნობით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს.
ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მდებარე 1886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა‐ნაგებობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს დაფინანსება გაუზარდეს, რადგან 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604,3 ლარი შეადგინა. ამასთან, მუნიციპალიტეტებმა ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს და არა სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას.