weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო

17:17 ორშაბათი, 15 აპრილი 2019
ფოტო © ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ფოტო © ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ, 1937-38 წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 150-მდე ნეშტი 21 აპრილს აღარ დაიკრძალება.

„მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-სთვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ, შთამომავლებს დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების შესაძლებლობა ექნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1937-38 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავდნენ. ეპარქიამ ასევე გამოაქვეყნა დახვრეტილ პირთა სია, რომელშიც 698 ადამიანია. მათი განმარტებით, ინფორმცია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოიპოვეს. დახვრეტილთა შთამომავლებმა ნეშტების იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. ამასთან, ისტორიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნეშტები შესაძლოა არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს.

8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განმარტა, რომ დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები, რაც მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები.

ეპარქიის განცხადებით, ყველა თავის ქალას კეფის არეში ტყვიის კვალი აღენიშნებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნეშტები რეპრესირებულებისაა და არა თურქი ჯარისკაცების.

„სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არცერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების)“, – აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამოქალაქო დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს მიიწვევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]