weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

14:25 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში მივიდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი შვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. კომისიის შექმნის ინიციატივა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამი თვის წინ დააყენა, თუმცა დეპუტატებს საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელიათ.

„ჩვენ, ყველა ერთად ვაიძულებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რაშია საქმე, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს დღე სათავეში. ვაპირებ, რომ ამათ დავამხო ეს სისტემა თავზე, ამას ვაპირებ და ამას შევძლებ. მე თუ ეს ვერ შევძელი, თუ მარგუნეს ისევე ტყვია, როგორც არგუნეს თემირლანს, დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყარო რომ დაიქცეს, ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში.

მაჩალიკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარების გამო პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებს არ შეხვედრია. მოგვიანებით ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ დააყენა. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე, სულ ბოლო - 93-ე საკითხად არის შეტანილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანა. ფრაქციის წევრების განცხადებით, დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს. კომისიის შექმნის ინიციატივას უჭერს მხარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 2018 წლის ანგარიშში ლომჯარია აღნიშნავს, რომ გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 27 დეკემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]