weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შეიძლება

18:24 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია. ირაკლი კობახიძის თქმით, დასკვნასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კომისიას წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია და შესაძლებელია მათი უდიდესი ნაწილის გათვალისწინება, მათ შორის, იმ რეკომენდაციებისაც, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება.

„მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით, კონტექსტის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ასევე, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაცია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება.

„ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და აქ არის მთლიანად გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა არის ინიციატივა, რომ მას არ ჰქონდეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება, ანუ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და კონტექსტის გათვალისწინებით, აქაც, მე პირადად, მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საჭიროა, გაიმართოს მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ხვალ დილიდან გაიმართება შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით და ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, გაიმართება აუცილებლად უმრავლესობის შეკრება, სადაც ვეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება ბოლომდე მეც არ მჯეროდეს და შევეცდები, დავარწმუნო ისინი იმაში, რომ საჭიროა კონტექსტის გათვალისწინებით, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის ისეთი რეკომენდაციებისაც, რომელიც, შეიძლება, არ ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე დასკვნა ვენეციის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]