ალექსანდრე შათირიშვილი ერთი თვით, 12 ივლისამდე შვებულებაში იყო გასული, თუმცა როგორც „რეგინფოსთან“ საუბარში განმარტა, კუთვნილი შვებულებიდან ვადაზე ადრე, 4 ივლისს დაბრუნდა.
ალექსანდრე შათირიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა.
შათირიშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან მისი შვილი, გურამ შათირიშვილი იჯდა და გამგეობის კუთვნილ ავტომობილს „ვაზ –2121“ დაეჯახა, რომელსაც ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში მცხოვრები მამაკაცი მართავდა.
„საჭესთან ჩემი შვილი იჯდა და ალკოჰოლზეც ის შეამოწმეს. გურამი ფხიზელი იყო. მე ნამდვილად არ ვიყავი საჭესთან. პოლიციელებმა ოქმი შეადგინეს და მანქანა შესაკეთებლად სადაზღვევო კომპანიამ წაიღო“, – განაცხადა თელავის გამგებელმა.
ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ გამგებელმა და „ვაზ – 2121“–ის მძღოლმა შეთანხმებას მიაღწეს, „ვაზ – 2121“–ის მძღოლს ავარია საკუთარ თავზე აეღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო, რადგან ავარიის მონაწილეებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. შსს–ს ცნობით, „ვაზ – 2121“–ის მძღოლი აღმოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა ორი მუხლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო.