weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სელექციური აბორტების მხრივ „ლიდერებს“ შორის არიან

12:50 შაბათი, 20 აპრილი 2019

BBC-ის ინფორმაციით, 23 მილიონი გოგონა მხოლოდ იმიტომ ვერ მოევლინა ქვეყანას, რომ მშობლებს მათი სქესი არ მოეწონათ. ეს იმდენივეა, რამდენიც ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი და ორჯერ მეტი, ვიდრე კუბაში ან ბელგიაში მცხოვრებთა რაოდენობა.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, მასშტაბური კვლევის მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა შეისწავლეს მთელს მსოფლიოში ბოლო ათწლეულებში შობადობის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში უფრო მეტი ბიჭი იბადებოდა, ხოლო ახალშობილ გოგონათა რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს 11 ქვეყანაში, მათ შორის სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა ყველაზე მეტი შეწყვეტილი ორსულობა მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში - ინდოეთსა და ჩინეთში  ფიქსირდება.

ყოველ 100 ახალშობილ გოგონაზე საშუალოდ 105 ბიჭი მოდის. წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, თუმცა, განურჩევლად ქვეყნისა, საერთო ჯამში უცვლელი რჩება.

BBC-ის თანახმად, მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც ნაყოფის სქესის გაგება ტექნოლოგიურად შესაძლებელი გახდა, სულ უფრო მეტი ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას, შეწყვიტონ თუ არა ორსულობა ბავშვის სქესის გამო, ბევრ კულტურაში კი უპირატესობას ბიჭის გაჩენას ანიჭებენ. სწორედ ამ მიზეზით, მრავალ ქვეყანაში ექიმებს კანონით ეკრძალებათ მომავალი მშობლებისთვის ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ სტადიაზე, როდესაც აბორტის გაკეთება უფრო ადვილია.

ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა 1970-დან 2017 წლამდე პერიოდის ორასზე მეტი ქვეყნის შობადობის სტატისტიკა შეისწავლეს და აღმოაჩინეს რიგი ანომალიები. მაგალითად, ჩინეთში, 2005 წელს, 100 ახალშობილ გოგონაზე 118 ბიჭი მოდიოდა. ბიჭების დაბადების ანომალიური ზრდა ფიქსირდებოდა ინდოეთში, აზერბაიჯანში, ალბანეთში, სომხეთში, ვიეტნამში, საქართველოში, ტაივანში, ტუნისში, ჩერნოგორიასა და  სამხრეთ კორეაში. პირველი ქვეყანა, რომელიც სელექციური აბორტების ტალღამ მოიცვა, ინდოეთი იყო, სადაც არაპროპორციულად ბევრი ბიჭი ჯერ კიდევ 1975 წელს დაიბადა. აღნიშნული ტენდენცია იქ დღემდე გრძელდება.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების აფეთქება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში, 1991-1992 წლებში დაფიქსირდა და დაემთხვა შობადობის მკვეთრად შემცირებას. ამასთან, საქართველოში ახალშობითა სქესს შორის თანაფარდობა გათანაბრდა, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების პრაქტიკა კვლავ ფართოდ არის გავრცელებული. ამ ქვეყნებში, 2017 წელს, 100 ახალშობილ გოგონაზე საშუალოდ 112-113 ბიჭი მოდიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]