როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული.
„პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5-მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ადგილზე, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.
ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.
მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.