weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში პანკისის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

21:04 კვირა, 21 აპრილი 2019
ფოტო © ლიბერალი ფოტო © ლიბერალი

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების ჯგუფმა აქცია გამართა. „სოლიდარობა პანკისელებს“, „არა დამანგრეველ ჰესებს“, „არა პოლიციურ რეჟიმს“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

„წლების განმავლობაში ვიბრძვით იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეწყვიტოს თავისი ძალადობრივი და რეპრესიული პოლიტიკა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერს ეკითხება. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც კვირას, სადღესასწაულო დღეს, როცა მოდუნებულია საზოგადოების ყურადღება, ცდილობს რეპრესიით, სპეცრაზმით, რეზინის ტყვიებით ელაპარაკოს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც უკვე ნათქვამი აქვს, რომ არ სჭირდება მესამე ჰესი.

ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც არასდროს აინტერესებს მოსახლეობის აზრი და ეს არ არის მხოლოდ პანკისის ხეობის პრობლემა.
ამას ვხვდებით რაჭაში, ზემო აჭარაში, მსგავსი შემთხვევა გვქონდა, როდესაც სპეცრაზმი შეიყვანეს სვანეთში.

ეს პრობლემა, რომელსაც დღეს კიდევ ერთელ შევეჯახეთ, გვაქვს იმიტომ, რომ არასდროს არ გავეცით საკადრისი პასუხი ხელისუფლებას“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ.

აქციის მონაწილეებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავას დანიშვნაც გააპროტესტეს. როგორც ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, თურნავას დანიშვნა ძალადობრივი მეთოდებით ადამიანების წინააღმდეგ გაბრძოლებით აღინიშნა.

„ნათია თურნავას ეკონომიკური პოლიტიკა, ბუნების განადგურება, შრომის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ჩვენთვის მიუღებელია და ვაცხადებთ, რომ თუ თურნავა და მსგავსი ხალხი დარჩებიან მთავრობაში, ეს არ იქნება უკანასკნელი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

პარლამენტის შენობის წინ სოლიდარობის აქცია პანკისში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიგეგმა. სოფელ ბირკიანთან, „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საპოლიციო ძალის მობილიზება განახორციელა. სამართალდამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის პირველი შეტაკება დილით მოხდა, რა დროსაც გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ადგილობრივებს მოლაპარაკების მიზნით თელავში წასვლა შესთავზა. ამის შემდეგ ხეობაში მდგომარეობა დასტაბილურდა. მოგვიანებით, როდესაც მოლაპარაკების პალარელურად, შსს-მ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა.  

პოლიციისა და მოქალაქეების შეტაკების შედეგად, ორივე მხარეს დაშავდა ათობით ადამიანი, დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილები და სპეცტექნიკა. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ტრაქტორს.

თელავიდან პანკისის ხეობაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც უხუცესებთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც დღეს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის მცხოვრებლები სოფელ ბირკიანთან, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებენ. ჰესის აშენება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ სურს და სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს. მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოები პირველად გასული წლის ივნისში შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]