საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ პაციენტის თავში ჰემატომა ჰქონდა და თბილისში მისი გადაყვანა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მოხდა. მისივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.
პანკისში მომხდარი შეტაკების შედეგად სამედიცინო დახმარების გაწევა სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. მათი ნაწილი თელავის ორ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამ დროისთვის თელავის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას არავინ აგრძელებს.
სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვა.