მაჩალიკაშვილის თქმით, ეს ამბავი დამალა, რადგან არ სურდა ხეობაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბულიყო.
„გომბორის უღელტეხილზე რომ გადავედი, შუამთას როგორც კი გავცდი, დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით, როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ- მეთქი - არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან დარეკვა. ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლება მქონდა აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ძალოვნებს მისთვის არ განუმარტავთ, რატომ გააჩერეს და ჩასვეს თავიანთ ავტომობილში.
გუშინ, 21 აპრილს, იმ დროს, როდესაც პანკისის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისიდან მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე დააკავეს და გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ მაჩალიკაშვილი პანკისში გამოჩნდა, თუმცა დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო. როგორც მან თქვა, გომბორის გზაზე სამართალდამცავებმა მხოლოდ გააჩერეს.