„გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის, სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თოთოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად,
როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ.
ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დიდი რაოდენობით სამართალდამცველების პანკისში მობილიზება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, დილით, ადგილზე მშენებლების უსაფრთხოებას კახეთის სამხარეო პოლიციის მხოლოდ 35 თანამშრომელი იცავდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხმა, საჭირო გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.
„ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროებთ. პანკისში, დილის 8 საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია - იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას - აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით. იმიტომ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება. დაძაბულობის დაწყებამდე, 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელის გარდა ხეობაში არ ყოფილა არავინ“, – განაცხადა მინისტრმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.
პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.