როგორც ჯიბღაშვილმა განაცხადა, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც პოლიციამ მისი ავტომობილიდან ამოიღო, მას ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ყველაფერი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, ჯიბღაშვილი, ისევე როგორც საქმის პროკურორი, არ აკონკრეტებს რომელ ნარკოტიკზეა საუბარი.
„რაც შეეხება ჩემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ. მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ეს. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამაც“, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დაკავების მომენტში შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის გვარს ახსენებდა და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა. ლევან ჯიბღაშვილმა კახა საბანაძესთან გადაღებულ ფოტოზეც გააკეთა კომენტარი.
„შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან და არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით... კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის“, – აღნიშნა ჯიბღაშვილმა.
ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა.