weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მნიშვნელოვანია ხელისუფლება დაფიქრდეს პროტესტის ეს ფორმა რამ გამოიწვია – ლუიზა მუთოშვილი

12:38 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

„მნიშვნელოვანია, ხელისუფლება დაფიქრდეს, პროტესტის ამ ფორმამდე მიყვანა რამ გამოიწვია. ამის ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ ამ პროცესში დაზარალებული მხარე გამოდის პანკისის ხეობა და მოსახლეობა. ჩვენ ვართ ძალიან თვითკრიტიკულები და ვფიქრობთ, რომ ყველანაირი ძალისმიერი მეთოდის გამოყენება, როგორც პოლიციელების მხრიდან, ასევე ადგილობრივების მხრიდან, დაუშვებელია და ეს პრაქტიკა არის ძალიან ცუდი პრაქტიკა“, – განაცხადა პანკისელმა სამოქალაქო აქტივისტმა და პედაგოგმა, ლუიზა მუთოშვილმა 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც ლუიზა მუთოშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები კონკრეტულ პირებს დააკავებენ, პანკისის მცხოვრებლები, ყველა ვინც 21 აპრილის აქციაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდება.

„ყველა ადამიანი, ვინც იმ დღეს კონკრეტულ ადგილზე იმყოფებოდა, ყველანი ვართ ამ პროცესის მონაწილეები, ამიტომ ყველა ვართ დასაკავებლები. ჩვენ ვამბობთ რომ, თუ აქ შერჩევით ვიღაცეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, დაბარებების სერია დაიწყება, ყველა, ვინც კონკრეტულ ადგილზე ვიყავით, ჩავალთ თელავის სამხარეო პოლიციაში და ჩვენი ნებით ჩავბარდებით. მიგვაჩნია, რომ ჩვენც, ყველამ უნდა ვაგოთ ამაზე პასუხი“, – ამბობს ლუიზა მუთოშვილი.

მან განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია გაიხსენა და თქვა, რომ ხეობაში სპეცტექნიკისა და სპეცრაზმის მობილიზება ვითარების დაძაბვამდე დიდი ხნით ადრე, დილის 6 საათიდან დაიწყო და არა ვითარების ესკალაციის შემდეგ, როგორც ამას შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს.

„სპეცტექნიკის მობილიზების მიზანი არ ყოფილა ადგილზე არსებული რაიმე ტიპის პრობლემა ან დაპირისპირება, ამის ესკალაცია. მობილიზება მოხდა თავიდანვე... დილიდანვე რასაც ვითხოვდით იყო ის, რომ საშუალება მოეცათ, მივსულიყავით იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც გათხრის პროცესი იყო დაწყებული.

ამის საპასუხოდ დაგვანახეს ძალა, ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ, ბიჭებს ეძახდნენ – თუ მაგარი ბიჭები ხართ აბა მოდით აქ. ანუ, რეალურად გამოწვევის, მუქარის მომენტები მათ რომ არ ჰქონოდათ, მოსახლეობის მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მსგავსი ფორმით პროტესტის გამოხატვა“, – ამბობს ლუიზა მუთოშვილი.

მისივე თქმით, ისინი ვინც ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, უკვე ერთი წელია ხელისუფლებისა და კომპანიისგან ღია დისკუსიას ითხოვენ: „რომ დემოკრატიულ ფორმატში ჩვენ გვქონოდა შესაძლებლობა ამ პრცესის მონაწილეები ვყოფილიყავით და მათ დაემტკიცებინათ ჩვენთვის, რომ ჰესი არ იყო საზიანო“.

„დავფიქრდეთ თუ ვინმემ იზარალა, ეს ხეობის მოსახლეობაა. მთელი ამ სპეცტექნიკის და სპეცრაზმის მობილიზება რაღაცნაირად აჩენს იმის განცდას, რომ დიახაც, ხელისუფლება ელოდა... კარგად იციან ჩვენი ხასიათი, ბუნება... ძალიან კარგად იცოდნენ, რა ტიპის პროტესტი შეიძლება გამოგვეხატა. საბოლო ჯამში, მთელი ამ წლების განმავლობაში რა რამოკიდებულებაც, რა პრაქტიკაც ხელისუფლებებს ჰქონდათ პანკისის ხეობასთან მიმართებაში, რომ ის მხოლოდ ძალის დემონსტრირებით აჩვენებდა თავის არსებობას ჩვენს მოსახლეობას, ამის შემდგომ მას ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქართულ საზოგადოებას დაანახა – აი, როგორი უმართავი საზოგადოება ცხოვრობს ხეობაში და რომ ყველა ძალისმიერი მეთოდის გამოყენება ხეობის მოსახლეობაში არის გამართლებული. ამის შემდეგ, ყველანაირ ძალისმიერ მეთოდს, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს პანკისის მოსახლეობასთან მიმართებაში, არა მარტო ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოებაც ამას გაამართლებს. ამაში თუ ვინმემ იზარალა, ძალიან ლოგიკურია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ აქ რეალურად ვიზარალათ ჩვენ“, – განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.

პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

კოცნას ხომ არ დავუწყებთ საომრად მოსულ ხალხს? – პანკისელები გახარიას პასუხობენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]