weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამუშაოები დავიწყეთ, რადგან ჩავთვალეთ, ყველა კითხვა ამოწურული იყო – იორდანიშვილი

17:23 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

კომპანია „ფერის“ დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განაახლეს, რაც ჩათვალეს, რომ მოსახლეობასთან ყველა კითხვა ამოწურული იყო. ამის შესახებ იორდანიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე მოსახლეობასთან არ გვქონია კომუნიკაცია. მუშაობა გასული წლის თებერვალში დავიწყეთ და როდესაც პროტესტი გამოითქვა, გავაჩერეთ სამუშაოები და 13 თვე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით თითოეულ ოჯახთან. მათ შექმენს 30-კაციანი კრება, რომელთანაც მუდმივად ვმუშაობდით. ათეულობით შეხვედრა იქნა ჩატარებული მეჩეთებში, კლუბებში, სოფლის ცენტრებში... მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გაგვეთვალისწინებინა მათი ყველანაირი მოთხოვნა, რაც კი ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატებოდა“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

„ფერის“ დირექტორის თქმით, მისმა კომპანიამ მოსახლეობასთან ამოწურა ყველა კითხვა, რომელიც შეიძლებოდა დასმულიყო.

„ჩვენ მათ ვუთხარით - თუ არსებობს ერთი ადამიანი, ვისთვისაც ეს [ჰესის აშენება] საზიანოა, თუ მას ჩვენ ვერ აღმოვფხვრით, ჰიდროელექტროსადგურს არ ავაშენებთ. იმ დღეს, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები, ჩავთვალეთ, რომ ამოწურული იყო ყველა კითხვა.

რა თქმა უნდა, იქ არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც ამას ეწინააღმდეგებოდა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა, მთავრობის დიდი დელეგაცია იყო ჩასული. იქ იყვნენ არა მარტო სამინისტროების ხელმძღვანელები, არამედ გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ჰიდროლოგიური სამსახურის უფროსი, წყალმომარაგების კომპანიის უფროსი, რომლებმაც სავსე დარბაზში მყოფ ხალხს ჰკითხეს - აქ ვართ, გვკითხეთ თუ რაიმე კითხვა გაქვთ. ჩვენ რომ ჩავთვალეთ, რომ კითხვები არ იყო ზუსტად მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს სამუშაოები დაგვეწყო“, – ამბობს იორდანიშვილი.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ პროვოკაციები თავიდან აეცილებინათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეს და კომპანიის მშვიდ გარემოში მუშაობის უზრუნველყოფა სთხოვეს.

„როგორც ჩანს, გარემოს დაცვის სამინისტრომ გვიშუამდგომლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელმაც ადგილზე 4 საპატრულო ეკიპაჟის მანქანა გამოგვაყოლა“, – აღნიშნა იორდანიშვილმა.

იორდანიშვილის თქმით, საქართველოში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპროტესტებს.

„ყურადსაღებია, რომ ეს არის რამდენიმე ადამიანის ჯგუფი, რომელიც არ არის დამალული და დაწყებული „ხუდონიდან“ - მაღალკაშხლიანიდან, დამთავრებული 5-მეგავატიანამდე, ყველა ჰიდროელექტროსადგურს ეწინააღმდეგება და ცდილობს დაიჭიროს მოსახლეობაში ის მომენტი, რითიც მას გააღიზიანებს.

იმ დღეს განცხადებები ის კი არ იყო, რომ ჰიდროელექტროსადგურს ზიანი მოაქვს, არამედ ამბობდნენ „უნდათ ჩვენი გადასახლება, ჩვენი შევიწროება“. ამაზეა ნამუშევარი და ყურადღებაა მისაქცევი, საიდან მოდის ეს განცხადებები“, – განაცხადა კომპანია „ფერის“ დირექტორმა.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.

პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]