weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ფეისბუქში“ სახელისუფლებო ტროლები პანკისის მოვლენებზეც გამოჩნდნენ – კვლევა

15:41 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

21 აპრილს, პანკისში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ფეისბუქში გამოჩნდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც ხეობაში სპეცრაზმის მოქმედებას ამართლებდნენ და ქისტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ავრცელებდნენ გზავნილებს.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის თანახმად, „მითების დეტექტორმა“ 15 ასეთი ტროლი გამოავლინა. გამოვლენილი ტროლები იყოფიან ორ კატეგორიად: ისინი, ვინც სხვა ადამიანების ფოტოებს იპარავენ და ტროლები, რომლებიც მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს არ აქვეყნებენ.

კვლევის მიხედვით, ტროლები ორგანიზებულად ცდილობდნენ პანკისის ხეობაში მორიგი ჰესის მშენებლობის გამართლებას, რისთვისაც ისინი სხვადასხვა პოსტის ქვეშ ტოვებდნენ კომენტარებს და ამტკიცებდნენ, რომ დაგეგმილი ჰესის პროექტი გარემოსთვის უსაფრთხო და უვნებელი იყო.

ტროლები ცდილობდნენ, რომ ამ საკთხზე დისკუსია სოციალურ ქსელებში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ჭრილში განეხილათ და პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების საპირწონედ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ასახელებდნენ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ იდენტიფიცირებული ტროლები 21 აპრილს სპეციალური დანიშნულების რაზმის ქმედებების გამართლებას სოციალურ ქსელებში აქტიურად ცდილობდნენ. ისინი პანკისელებს „ქვების მსროლელებს“ უწოდებდნენ, სპეცოპერაციის მოწინააღმდეგეებს კი „არეულობის მომხრეებად“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად მოიხსენიებდნენ.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართლების პარალელურად ტროლები და ფეისბუკ გვერდები ქისტების დისკრედიტაციას რელიგიური ნიშნით ცდილობდნენ.

რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების გარდა, ფეისბუკ გვერდები და ტროლები ცდილობდნენ, რომ ქისტები და მათი მხარდამჭერები სეპარატისტებად წარმოეჩინათ.

კვლევის მიხედვით ტროლები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იყვნენ მობილიზებულები. დისკრედიტაციის ტალღა პანკისის ხეობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის ჩასვლას მოჰყვა.

მეორე მოვლენა კი სახელისუფლებო ექსპერტის, გია აბაშიძის 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, სადაც გამოთქვამს ვარაუდს, პანკისის ხეობაში სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები რევენ და პროვოკაციულ ქმედებებს სჩადიან.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 22 აპრილს ფეისბუკში პანკისელი აქტივისტების, პანკისის სათემო რადიოსა და კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილისა და მისი კოლეგების დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. 2019 წელს შექმნილი გვერდი „ქართული სახელმწიფო“ პანკისის ხეობაში აქტივობების დისკრედიტაციას იმაზე ხაზგასმით ცდილობდა, თითქოს აქტივობებზე გრანტი „ფონდმა ღია საზოგადოებამ“ გასცა. პოსტში აღნიშნული იყო, რომ რეალურ შუღლს პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღვივებდენ.

 

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]