სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს.
დიდ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
დღევანდელ დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. სახარების თანახმად, უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.