„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – წერს ულრიკ ტიდესტრომი.
შვედი დიპლომატის პოსტის საპასუხოდ შპს „ბათუმის წყალმა“ განმარტა, რომ ტბა დღეს, 26 აპრილს დაბინძურდა და ფაქტის დაფიქსირებისთანავე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.
„დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ტბაში ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით... ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან, სანიაღვრე წყლების შეკრება არდაგანის ტბაში ხდება. სანიაღვრე წყლები ხშირად დაბინძურებულია ნარჩენებით, რაც, საბოლოო ჯამში, თავს იყრის ტბაში“, – აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც არდაგანის ტბის მოვლა-პატრონობა ევალება.
კომპანია ბათუმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, სანიაღვრე ცხაურსა და არხებში ნაგავი არ ჩაყარონ.
შვედეთის ელჩი ტბის დასუფთავების სამუშაოებსაც გამოეხმაურა. ულრიკ ტიდესტრომის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ „ბათუმის წყალი“ ტბას ხშირად ასუფთავებს.