weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს 10 ბავშვის აფხაზეთში გადაყვანა სურდა – შსს

12:08 შაბათი, 27 აპრილი 2019
ფოტოზე მამუკა ჭელიძე ფოტოზე მამუკა ჭელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი ცდილობდა, რომ ათი ბავშვი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანა. სუსლიაკი საქართველოში ათ მცირეწლოვანთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება.

„იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს, მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვნის დაბადების თარიღი 2018 წელია. აღნიშნული ქალბატონი მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლის და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ.

გამოძიების ფარგლებში, ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის ისე არასრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლებელია დოკუმენტები იყოს ყალბი. ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალბატონი არ არის მისი დედა, მან სამართალდამცველებთან საუბრისას სიკვდილის შიში გამოთქვა. გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ. გამოძიების პროცესში ჩვენ ავიღეთ როგორც ბავშვების, ისე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევითი პროცესი, რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შეიქმნა აღნიშნული ქალბატონის ბრალდების დასაბუთებული სტანდარტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ რომელიც ამ დრომდე არ ჩანს.

საერთოდ არ ვიცით ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში, ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა.

ჩვენ ამ მხრივ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვინაიდან, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს რა მიზნით. მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იულია სუსლიაკის და მისი თანმხლები ბავშვების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც ქალმა ათი ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანა. ექიმების თქმით, მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი თვის იყო, უფროსი კი 11 წლის. პოლიციამ იმავე დღეს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]