სეტყვა და ძლიერი ქარი თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გუშინ, შუადღისას დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, სეტყვამ ზარალი მხოლოდ შილდაში გამოიწვია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი შალოშვილი ამბობს, რომ სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ყურძენი, რაც ჰქონდა გამოტანილი, სულ დაგდებულია. პლუს, დაზიანებულია ყლორტიც, რაც მომავალი წლისთვისაც პრობლემას შექმნის. ზარალი 100%-ია, ვაზს ზედ საერთოდ აღარ აქვს ყურძენი“, - ამბობს ვენახის პატრონი.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალისტები სეტყვასაშიში პროცესების განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა მასშტაბის სტიქია იქნა თავიდან აცილებული.