თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული არმიის დღის აღნიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს. მოგვიანებით, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ბინების მშენებლობას საფუძველს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაუყრიან.
მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. ოფიციალური ნაწილის ბოლოს სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.
თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება დასავლეთ სარდლობაშიც, კერძოდ, მე-2 და მე-3 ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლების ბავშვებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. დღევანდელ დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარათონით და ოფიციალური მიღებით აღნიშნავენ.