weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სტიქია ხევსურეთში – გუროს ხევთან ამერიკელ ტურისტებს ეძებენ

11:58 პარასკევი, 07 ივლისი 2017
მეწყერი სოფელ ბისოში მეწყერი სოფელ ბისოში ფოტო © ბერდია ქეთელაური

პირიქითა ხევსურეთში, გუროს ხევთან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები ამერიკელ ტურისტებს ეძებენ. „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორის ინფორმაციით, ტურისტები ე.წ. sos შეტყობინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუშინ, 6 ივლისს, დაახლოებით 21:30 სააათზე დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია 5 ტურისტი, ძირითადად აშშ–ს მოქალაქეები, თუმცა მათ შორის შესაძლოა ისრაელის მოქალაქეც იყოს.

ძლიერი წვიმის შედეგად ხევსურეთში მდინარე არღუნი და მისი შენაკადები ადიდებულია. ტურისტების ინფორმაციით, ისინი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ და უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ითხოვდნენ. შეტყობინების გამოგზავნის შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყვეტილია. გუროს ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირი არ არის.

ადგილობრივებმა ამერიკელი ტურისტები ვერც შატილში და ვერც ხევსურეთის სხვა დასახლებულ სოფლებში ვერ იპოვეს.

როგორც „მთის ამბებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო, თუმცა სტიქიის გამო როგორც პირაქეთა, ასევე პირიქითა ხევსურეთში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია.

სოფლებთან ბისოსთან და ხახმატთან მეწყერია ჩამოსული, გზა ჩაკეტილია, დაგლეჯილია ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები.

„დაზუსტებული გვაქვს კოორდინატები, საიდანაც დაკავშირება მოახერხეს. იქ ტელეფონი არ იჭერს და ტურისტებისგან sos შეტყობინება გვაქვს მიღებული. მათთან კონტაქტი ვეღარ ხერხდება, თუმცა დუშეთიდან მაშველები წასულები არიან, სადაც გზა არ არის, ფეხით გადაადგილდებიან და ცდილობენ მათი ადგილსამყოფელის დადგენას და დახმარებას“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

შატილიდან „მთის ამბების“ მოქალაქე რეპორტიორი იტყობინება, რომ გუროს ხევთან ადიდებულმა არღუნმა გზა სამ ადგილზე მთლიანად წაიღო. საავტომობილო გზა სხვა მონაკვეთებზეც არის დაზიანებული.

ხევსურეთში გუშინ დილიდან გადაუღებლად წვიმს. უამინდობის გამო სამძებრო–სამაშველო სამუშაოებში ჩართვას ვერც ვერტმფრენი ახერხებს. უღელტეხილზე ნისლის გამო ფრენა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. 8 ივლისს დილიდან გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ძლიერი წვიმის გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება. 9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 10 ივლისს დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]