„ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება. ხიდების შესაკეთებლად სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. სოფელ ღების მცხოვრებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს. ადგილობრივების ელექტროენერგია მიეწოდებათ. აქვთ პროდუქტის მარაგიც. რაც შეეხება სოფელ გონას, რომელიც საზაფხულო საძოვარია, იქ ამჟამად ორი ოჯახია ასული, რომელთაც რაციის საშუალებით ვუკავშირდებით. საჭიროების შემთხვევაში სოფლებში ვერტმფრენით გადავფრინდებით“, - უთხრა რეგინფოს ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მერაბ ორდინიძემ.
მისივე თქმით, რთული მდგომარეობაა ქალაქ ონში, სადაც ადიდებულმა რიონმა დამცავი ჯებირი დააზიანა. არსებობს საფრთხე, რომ მდინარის კალაპოტიდან 600 მეტრის რადიუსში ტერიტორია დაიტბოროს. გამგებლის მოადგილის განცხადებით, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, არ არის მოსალოდნელი რომ მდინარე ქალაქში შევარდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. ძლიერი წვიმა მოსალოდნელია სვანეთში, რაჭაში, სამეგრელოში, ასევე მცხეთა–მთიანეთში.
აღმოსავლეთ საქართველოში წვიმის ინტენსივობა დღის ბოლოსთვის დაიკლებს, 8 ივლისიდან კი უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ წვიმა მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, ხვალ კი მცირე ნალექია მოსალოდნელი.