weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პანკისის სახალხო კრება ხეობაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად მიმართვას ავრცელებს

14:57 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

პანკისის სახალხო კრება, რომელიც პანკისელი უხუცესებისა და ახალგაზრდების გაერთიანებაა, მიმართავს ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„ამავდროულად, გამოვხატავთ დიდ წუხილსა და ღრმა გულისწყვეტას სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო.

რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21აპრილის წინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება,

ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს, ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში არსებობს და შიდა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხშირად ექცევა ქვეყნის მტრების ყურადღების და ინტერესის ქვეშ.

შესაბამისად, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 21აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია.

თავის მხრივ, სახალხო კრების თავდაპირველი შეკრების მიზანი იყო სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში არსებული სახალხო პროტესტის დარეგულირება და ასევე პროტესტის დემოკრატიული გამოხატვის უზრუნველყოფის მცდელობა. თუმცა, სამწუხაროდ, ჰესების მშენებლობის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების გარეშე, სრულიად მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ხეობაში, რაც მოვლენების სპონტანურად განვითარებისა და ადგილობრივების ჭარბი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

სამწუხაროდ, თემის ლიდერებმა ვერ მოახერხეს ადგილობრივების ემოციური რეაქციის შეკავება. ადგილობრივ მოსახლეობასთან დემოკრატიულ კომუნიკაციას მოკლებული გადაწყვეტილებების გამო მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის.

ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დროულად შეგვხდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად ვიმუშაოთ შექმნილი სირთულეების დაძლევისა და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება.

ჩვენ ვითხოვთ ხეობაში სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას და გვესმის, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობის და დემოკრატიული კომუნიკაციის გარეშე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს, პანკისის სოფელ ძიბახევში სპეცრაზმსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]