დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა.
ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
ვიზიტის ფარგლებში მაია ცქიტიშვილი და დავით ფერაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდნენ და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს.
მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს „შუა დერეფნის“ განვითარებას. შეხვედრის ბოლოს, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.
შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობასთან ერთად ასევე გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც ისაუბრეს.
„საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდიების განხილვაზე იმუშავებს, რაც სამომავლოდ ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.
ფორუმის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები, სამომავლოდ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.
[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია