„განცხადება გავაკეთე და გამგებლებს მოვუწოდე, რომ გამოეყოთ ტერიტორიები სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის.
ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას, რაც აკრძალულია და კანონით დაუშვებელია და ცდილობს, რომ ის პროდუქტები, რაც სოფელში მოყავთ და ჩამოაქვთ, გაყიდონ. ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და 10-ვე რაიონში იქნება გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები, სადაც კვირაში 2-3 დღეს ამ ადამიანებს სპეციალურ დახლებზე შეეძლებათ პროდუქციის გაყიდვა.
რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება დახლების დამზადებაზე და მივუთითებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მივიდნენ, განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება განახორციელონ. ეს არის ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა კარგად გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც კატეგორიულად მიუღებელია, არ შეიძლება, ქუჩაში პროდუქციის რეალიზება. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ, მაგრამ პარალელურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.