როგორც შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, რამზან გორგიშვილმა განაცხადა, პატრიარქისგან მიიღეს დაპირება, რომ ის „ამ საქმეში ჩაერევა“.
„მინდა მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქს ამ შეხვედრისთვის, რომ გამონახა დრო და მოისმინა ჩვენი გულისტკივილი, ჩვენი შიშები. კათოლიკოს-პატრიარქთან თხოვნა გვქონდა, რომ შუამდგომლობა გაეწია და არ მომხდარიყო 21 აპრილის მოვლენების შემდეგ ვითარების უფრო დაძაბვა და ესკალაცია, რომ უფრო მშვიდობიანი გზით მოხდეს სიტუაციის მოგვარება და პრობლემების გადაწყვეტა.
პატრიარქი დაგვპირდა, რომ ჩაერევა ამ ყველაფერში, გამოგვიცხადა მხარდაჭერა. მისი პასუხი იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მშვიდობა გვექნება ყველას“, – განაცხადა გორგიშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი უწყებები 21 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დააკავებენ, ვითარება უფრო მეტად დაიძაბება.
„აქ არის ორმხრივი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, გადაცდომები იყო როგორც სამართალდამცველების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ სიტუაციის სიმწვავიდან და ასევე, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უკეთესი იქნება თუ მოვახერხებთ მოვლენების მშვიდობიან კონტექსტში გადაყვანას. თუ დაკავებები მოხდება, უფრო მეტად დაიძაბება სიტუაცია. ეს რომ თავიდან იქნეს აცილებული, აუცილებელია დიალოგი. იმედი მაქვს, რომ დაკავებები არ მოხდება და სხვა გზას მოვნახვთ სიტუაციიდან გამოსასვლელად“, – აღნიშნა რამზან გორგიშვილმა.
დღესვე, პანკისის ხეობის წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ. საუბრის ძირითადი თემა აქაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირება იყო.
21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ სპეცრაზმის თანხლებით განაახლა „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან, მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერებული იყო. ადგილობრივების საპროტესტო შეკრების შემდეგ, შს სამინისტრომ ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალები და საპოლიციო ტექნიკა შეიყვანა. მოსახლეობა ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, სპეცრაზმი კი აქციის მონაწილეებს გადაადგილების და მშენებლობის ადგილამდე მისვლის უფლებას არ აძლევდა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.
სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.