სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, სადაც პირველკლასელი უნდა შევიდეს და ასევე, ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან. ეს რეგისტრაცია შეეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ერთი ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ბავშვების დასარეგისტრირებლად მშობლებმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლებმა უშუალოდ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ და წარუდგინონ ბავშვის დოკუმენტაცია. პირველ კლასში შესვლის უფლება იმ ბავშვებს აქვთ, ვინც 16 სექტემბერს უკვე იქნება ექვსი წლის.
2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში წელს ცვლილებები შევიდა და ის ოთხ ეტაპად ხორციელდება.