დოღი ახმეტის საცხენოსნო კლუბ „ჯარჯის“ ორგანიზებითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრი 1600, 2400 და 3000-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა. 1600-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი საცხენოსნო კლუბ „ჯარჯის“ (ახმეტა) მხედარმა, ბაჩო სიმონიამ აიღო, მეორე ადგილიზე „ხარებას“ (ზუგდიდი) მხედარი საბა ეხვაია გავიდა, ხოლო მესამეზე „თბილისის“ მხედარი, კოტე აფციაური; 2400-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილის მფლობელი საბა ეხვაია გახდა, ხოლო მეორე ადგილი ახმეტელმა ხვთისო აბელაშილმა დაიკავა; 3-კილომეტრიან დისტანციაზე პირველი და მეორე ადგილები ბაჩო სიმონიამ და საბა ეხვაიამ მოიპოვეს, მესამე ადგილზე კი პანკისელი ქერიმ გორნაკაშვილი გავიდა.
დოღის გამარჯვებულებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამარ ყეინიშვილმა, ახმეტის საცხენოსნო კლუბის პრეზიდენტმა იმედა სისაურმა და მოწვეულმა სტუმრებმა მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და პროექტ „ახალი თაობის“ კონკურსანტების მონაწილეობით. გაიმართა ქვემო ალვნის პროფესიული კოლეჯ „აისის“ და ახმეტის მუნიციპალიტეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების მსვლელობისას მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ ჭრიკიშვილის საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვებულ ძიუდოს კლუბ „ახმეტის“ სპორტსმენებს და მწვრთნელებს სპორტული ეკიპირება გადასცა საჩუქრად.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია