weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია

15:52 პარასკევი, 03 მაისი 2019
ფოტო © პანკისის სათემო რადიო ფოტო © პანკისის სათემო რადიო

21 აპრილს, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიო, რომელიც დაპირისპირებას მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აშუქებდა, გიამბობთ, რამ გამოიწვია შეტაკებები, რატომ იმატებდა დაძაბულობა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

პანკისის სოფელ ძიბახევში, შპს „ალაზანი ენერჯიმ“ „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები, 21 აპრილს, დილის 7 საათზე, ათობით პოლიციელის დაცვით განაახლა. ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო 2018 წლის ივნისიდან იყო შეწყვეტილი. ადგილობრივები ხეობაში კიდევ ორი ჰესის მშენებლობას ეკოლოგიური და საცხოვრებელი მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების მიზეზით ეწინააღმდეგებიან.

მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობის განახლებას არ ელოდა. 12 და 15 აპრილს, როცა პანკისში მინისტრები, ცქიტიშვილი, ციხელაშვილი და დავითაშვილი იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორთან ერთად, ითქვა, რომ ხალხთან დიალოგი გაგრძელდებოდა და საფრთხეების გამოსარიცხად, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევებიც ჩატარდებოდა.

„ალაზანი ენერჯის“ ტრაქტორმა მდინარე ალაზნის კალაპოტში ორას მეტრამდე არხის გაჭრა მოასწრო, 2 მეტრი სიმაღლის მილსადენის ასაგებად, რომელშიც მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი უნდა მოაქციონ 4.5 კილომეტრზე, ძიბახევიდან ხადორამდე.

სამუშაოების შეჩერების მიზნით, მოსახლეობა ძიბახევში დილიდანვე შეიკრიბა. პოლიციას და სპეციალური დანიშნულების რაზმს ძიბახევიდან ხადორის მიმართულებით სამანქანო გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

10:16 საათზე, შემთხვევის ადგილიდან პანკისის სათემო რადიომ პირდაპირი ვიდეომაუწყებლობა დაიწყო.

10:21 საათისთვის ძიბახევის ცენტრში შეკრებილი ადგილობრივი მცხოვრებლები პოლიციის მიმართულებით დაიძრნენ და სამართალდამცავებს გზის გახსნა და ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს. ვითარება დაძაბული იყო. რამდენიმე აქტივისტი და თემის ლიდერები აქციის მონაწილეების შეკავებას ცდილობდნენ და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. როგორც ვიდეომასალებიდან ჩანს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სპეცრაზმელს თავში ხელი ჩაარტყა, სპეცრაზმელმა ხელკეტი გამოიყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს და ღობეებიდან გამოძრობილი ხის ჯოხებით ურტყამდნენ. სპეცრაზმელები თავს ხელკეტების გამოყენებით და ფარებით იცავდნენ.

ფიზიკური დაპირისპირებიდან დაახლოებით 4 წუთის შემდეგ სპეცრაზმმა უკან დაიხია, თუმცა აქციის მონაწილეები მათ დაედევნენ და ქვების სროლა განაგრძეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის რამდენიმე მონაწილეს ტყვია სახისა და თავის არეში მოხვდა. ადგილობრივებმა უკან დაიხიეს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ. ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით 8 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურა ბერიკაშვილი გამოეყო და აქციის მონაწილეებს მიმართა, ქვების სროლა შეეწყვიტათ. ცრემლსადენი გაზით მოიწამლა პანკისის სათემო რადიოს ჟურნალისტი ისლამ გორგიშვილიც, რომელიც კონფლიქტს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

რამდენიმე წუთში ინციდენტის ადგილას კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა ხეობის სხვადასხვა სოფლიდან. აქციის მონაწილეები კვლავ იმ მიმართულებით დაიძრნენ, სადაც ტრაქტორი მუშაობდა. გზა ისევ სპეცრაზმს ჰქონდა გადაკეტილი. დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. ადგილობრივებმა სამართალდამცავებს ისევ ქვები დაუშინეს, პოლიციამ ისევ ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი იმ მიმართულებითაც გაუშვეს, სადაც ქალები და არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

10:33 საათზე დაპირისპირების ცენტრში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე გამოჩნდა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, შოთა ჭანუყვაძესთან ერთად. ჭანუყვაძემ თემის ერთ-ერთ ლიდერს, თამაზ ბაღაკაშვილს მიმართა:

- თამაზ, ეგ არის წესი?
- ვეღარ ვაჩერებ, რას აკეთებთ, თქვენი ბრალია. 
- რა არის ჩვენი ბრალი, ვიცავ თქვენსას და იმათ უსაფრთხოებას, - მიმართა მინისტრის მოადგილემ თამაზ ბაღაკაშვილს.
- როგორ იცავ? თქვენ გვცემთ.

მინისტრის მოადგილემ თამაზ ბაღაკაშვილს შესთავაზა, რომ გასულიყვნენ და დაელაპარაკათ. ბაღაკაშვილი საბანაძეს მოლაპარაკებაზე დასთანხმდა, გასვლამდე კი თემის წევრებს სთხოვა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. თემის ლიდერებმა სპეცრაზმი და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დააშორიშორეს.

11:15 საათისთვის აქციის მონაწილეებმა მდინარე ალაზნის ნაპირისკენ გადაინაცვლეს. სპეცრაზმიც გაიყო და ჰესის სამშენებლო ადგილისკენ მიმავალი გზა, სადაც ტრაქტორი მუშაობას აგრძელდებდა, ქვემოთ მხარესაც გადაკეტეს. ზუსტად ამ დროს გამოვიდა სპეცრაზმის მხრიდან, მანამდე მოსალაპარაკებლად შესული თამაზ ბაღაკაშვილი. აქციის მონაწილეებს ღობეებიდან გამოძრობილი ხის ჯოხები და ქვები ჰქონდათ მომარჯვებული. იმავე დროს, დუისის მხრიდან ძიბახევის მიმართულებით, დამატებით, სპეციალური საპოლიციო ტექნიკა გამოჩნდა. სპეცრაზმის ხელმძღვანელი პირები თამაზ ბაღაკაშვილს მოუწოდებდნენ, რომ აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიიდან გაეყვანა, რაზედაც ბაღაკაშვილი პასუხობდა, რომ არ შეეძლო, ვეღარ გაჰყავდა.

11:26 საათზე აქციის მონაწილეებთან კვლავ მივიდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე და ადგილობრივებს მიმართა: „როგორც თქვენმა წარმომადგენლებმა თქვეს, უნდათ შეხვედრა თელავში, კომპეტენტურ პირებთან და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ აქვე გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი ზრუნავს და იზრუნებს. ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, დაისჯება უმკაცრესად, პირდაპირ გეუბნებით. სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად ეცდება, გაითვალისწინოს ხალხის ინტერესი. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, ვისაც თქვენ ენდობით, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. რამდენიც გინდათ, იმდენი გამოყავით. მოგიწოდებთ, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. პოლიცია მოწადინებულია და მოწოდებულია იმისათვის, რომ აღასრულოს კანონი და ამავე დროს დაიცვას თქვენი ინტერესები. ხედავთ, რომ ტრაქტორის მუშაობა შევაჩერეთ, დავჯდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ინტერესების დამცველი, ისე იმ ხალხის ინტერესების დამცველი, რომელსაც ინვესტორი ჰქვია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ თქვენც კმაყოფილები იყოთ და ის ხალხიც, საერთო ჯამში მშვიდობა იყოს ამ ხეობაში“.

11:35 საათზე პანკისიდან თელავში მოსალაპარაკებლად ექვსი ადამიანი წავიდა: ემზარ და შენგელი ტოხოსაშვილები; თამაზ და მარსელ ბაღაკაშვილები; ჯოყოლა ბორჩაშვილი და რამზან გორგიშვილი.

ძიბახევში სპეცრაზმიც და აქციის მონაწილეებიც ადგილზე დარჩნენ. თელავიდან პასუხის მიღების მოლოდინში ვითარება განიმუხტა.

12:55 საათზე, თელავში მოსალაპარაკებლად წასულ რამდენიმე ადამიანთან პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორს მიმოწერა ჰქონდა იმის გასარკვევად, ვის ხვდებიან და მიაღწიეს თუ არა რაიმე შეთანხმებას. პასუხად მივიღეთ, რომ სავარაუდოდ, შს მინისტრს გიორგი გახარიას ელოდნენ.

13:45 საათზე, თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მინისტრ გახარიასთან შეხვედრა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა და შეწყდა, რადგან შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ძიბახევში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

მოლაპარაკების მოლოდინში დამშვიდებული ვითარება დუისიდან ძიბახევის მიმართულებით სპეცრაზმით სავსე მანქანების და დამატებით კიდევ საპოლიციო ტექნიკის გამოჩენამ გაამწვავა.

დამატებითი საპოლიციო ძალები ძიბახევში 14:08 საათზე გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და ტექნიკის და სპეცრაზმის გატარებაზე უარი თქვეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აქციის მონაწილეებს მიმართა, საპოლიციო ტექნიკა და სპეცრაზმი გაეტარებინათ და აღნიშნა, რომ დამატებითი ძალები ხეობაში უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს, თუმცა ადგილობრივებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს.

14:15 საათზე, შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ქალები ხმამაღალი შეძახილებით საპოლიციო ტექნიკისკენ დაიძრნენ. ერთ-ერთმა მოხუცმა ქალმა პოლიციის სპეცმანქანას ჯოხი დაარტყა და შემდეგ ჯოხი პოლიციელს ესროლა.

14:16 საათზე დაპირისპირება დაიწყო. ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მიმართულებით რამდენიმე ქვა ისროლეს, მანქანების შუშები ჩაამსხვრიეს, საპასუხოდ პოლიციელებმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს და ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.

დაპირისპირება 37 წუთი გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებს, ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორს და დაწვეს. ქვებით შეიარაღებული ადგილობრივების მოგერიებას შსს-ს სპეციალური მანქანა „კობრა“ ცდილობდა, რომელსაც ასევე ცეცხლი მოუკიდეს, თუმცა დაწვას გადარჩა. სპეცრაზმი აგრძელებდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებას, რამაც სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დააცილა. ამის შემდეგ, ორივე მხრიდან ლიდერებმა მხარეებს სროლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

15:23 საათზე აქციის მონაწილეებთან პანკისის სალაფიტური თემის იმამი მივიდა. მან ახალგაზრდებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და ამავე დროს აღნიშნა, რომ მთავრობას უფრო მეტი მოეთხოვება.

15:35 საათზე სოფელ ძიბახევში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა.

„პოლიცია იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის, პირველ რიგში სოფელ ბირკიანის და ხეობის მოსახლეობის, ისევე, როგორც იმ მშენებლების, რომლებსაც ასევე რისკი ჰქონდათ. ე.ი. მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით, ყველაფერს მივხედავთ. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტრაქტორი და ტექნიკა იწვის, მე ვფიქრობ, რომ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დაუშინეს ქვები, ეს არის დაუშვებელი. რა გაქვთ გასაყოფი? გასაყოფი რა გაქვთ?“- მიმართა შს მინისტრმა დაპირისპირების ადგილას შეკრებილებს: „ჰესის წინააღმდეგ თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ? ძმურად გვიცხოვრია? 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება“.

კითხვაზე - რატომ მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების შემოყვანა ხეობაში მაშინ, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მინისტრმა განმარტა: „დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი მწვავე ფაზაში იყო შესული“.

16:00 საათზე, სოფელ ძიბახევში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეხვედრა დაიწყო. ერთმანეთს თემის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ხვდებოდნენ. შეხვედრაზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით შპს „ალაზანი ენერჯის“ დირექტორი ლაშა იორდანიშვილიც მივიდა.

17:04 საათზე შეხვედრა დასრულდა. „რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობას და ძმობას არ შეეფერება. ამ წუთში არავინ არ ვაპირებთ ახლა აქ მტყუანის და მართლის ძებნას. ახლა ყველა უნდა დავმშვიდდეთ და ამის მერე უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ა.შ. როგორც თქვენს უხუცესებთან ვისაუბრეთ, ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმემ დაარღვია კანონი, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჰესს რაც შეეხება, ამ ჰესის მშენებლები გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ოღონდ, ერთი რამე უნდა იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება. მე ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, მე ამოვედი აქ იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ ვინ, ვის, რა ესროლა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. ჩვენს ასევე შევთანხმდით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ხეობას დატოვებს, მაგრამ პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

პანკისის სახალხო კრება ხეობაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად მიმართვას ავრცელებს

ეს იყო შეცდომა, ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული – გახარია პანკისზე

მოვიქცევით ისე, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის არის საჭირო – გახარია პანკისზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]