„ჩემი შვილის სურათი სხვის ფოტოში შეეშალათ. სახელი და გვარი ერთი და იგივე იყო. „კურიერში“ ზუსტად 21:25 საათზე გავიდა ეს ამბავი. ჩემი შვილი ამ დროს სახლში არ იყო, სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი თან არ ჰქონდა. სახლში 11 საათი რომ ხდებოდა, მაშინ მოვიდა. კინაღამ შემომაკვდა ჩემი ქმარი. ორშაბათს ან სამშაბათს შევიტან საჩივარს და მოვითხოვ ბოდიშს პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა ინგა ლონდარიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
გუშინ, 3 მაისს, მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა და მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. ამ ამბის შესახებ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში „რუსთავი 2“-მა ფოტოც აჩვენა, რომელზეც, ჟურნალისტის მტკიცებით, გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო გამოსახული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა, ცოცხალი ადამიანია.