მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის – ეგ ერთი და მეორე, მე აქ ვდგავარ და ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
იქ მაჩხაანში რა მინდა. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენს შორის. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, მონტაჟი. არ ველი, რომ დამაკავებენ. დასაკავებელი არაფერი მაქვს ჩადენილი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენა ჰქონდა განზრახული. სუს-ის თანახმად, ტერაქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.
სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს ძმისშვილთან მორის მაჩალიკაშვილთან ერთად გეგმავდა. უწყებამ მტკიცებულების სახით, სავარაუდოდ, მათი საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.