„რეგინფოსთან“ კომპანია „გერალის“ ხელმძღვანელმა, ლევან წიკლაურმა განაცხადა, რომ სამუშაოები გუშინ დაასრულეს და გზა ცოდვიანთ ხევამდეა გაწმენდილი. მისივე თქმით, თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა მათი ვალდებულება აღარ არის და საკუთარი ტექნიკა გამოჰყავთ. თუშეთის გზის გაწმენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არილიმ“ უნდა განაგრძოს.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები წელს 15 აპრილს დაიწყო, რასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში უხვი ნალექის მოსვლით ხსნიან.
„ამასთან, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე აღნიშნული გზის 56-ე კილომეტრის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის დროული გახსნით დაინტერესებულები არიან თუშეთში არსებული სასტუმროების მფლობელები, რომლებიც „მთის ამბებთან“ აცხადებენ, რომ ივნისის პირველი რიცხვებისთვის უკვე ტურისტებს ელიან. უგზოობა პრობლემას უქმნის მეცხვარეებსაც, რომელთაც ცხვრის გადარეკვა უგვიანდებათ.