weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მლნ ლარის ობლიგაციები გამოუშვა

16:40 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“ 30 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდასაჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში 2019 წლის მაისში იგეგმება. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის რიგით მესამე ინვესტიცია.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო BB-რეიტინგის მიღებასაერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან. საქართველოში აღნიშნულ რეიტინგს სულ რამდენიმე კომპანია ფლობს, ხოლო საავტომობილო სფეროსთვის ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა მთელს რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელეთ 30,000,000 ლარის მოცულობით ობლიგაციების ემისია. აღნიშნული პროექტით პირველად გავედით ღია ფინანსურ ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაგვიხსნა შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც შეიძინეს „თეგეტა მოტორსი“-ს პირველი ობლიგაციები, ასევე დიდი მადლობა „თიბისი კაპიტალსა“ და „ბიელსის“ წარმატებული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - „თეგეტა მოტორსთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. აღნიშნული ობლიგაცია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისათვის“, – განაცხადა გიორგი თხელიძემ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, გამოშვებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს, 1000 ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2022 წლის 30 აპრილს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე.

„თეგეტა მოტორსი“ დღეს ლიდერია საქართველოში საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. „თეგეტა მოტორსი“, მის შვილობილებთან ერთად, წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებით, საპოხი მასალებით, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია კორპორაციულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ავტო-პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს. 2019 წლის მარტში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას BB-საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. „თეგეტა მოტორსი“ ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]