თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 40 ახალგაზრდა , რომლებიც შემდგომ გაივლიან ტრენინგებს, კონსულტაციებს და იდეებზე იმუშავებენ. საუკეთესო 10 პროექტი მოგვიანებით წარდგენილი იქნება თბილისში სადემონსტრაციო ღონისძიებაზე.
პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აითვისონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და იდეების რეალიზება, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.
მეწარმეობის რეგიონული სკოლა არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის პარტნიორია USAID-ის ზრდა პროექტი.
მეწარმეობის რეგიონული სკოლა სამ ეტაპს მოიცავს:
პირველ ეტაპზე, 8-9 ივლისს ერთდღიანი კონკურსები გაიმართება ოთხივე რეგიონში, სადაც მონაწილეები გაიცნობენ ერთმანეთს, შექმნიან ჯგუფებს და იმუშავებენ იდეებზე. ღონისძიების შედეგად მოხდება საუკეთესო გუნდების შერჩევა პროგრამის შემდეგი ეტაპისთვის. შეხვედრა ზუგდიდსა და გორში გაიმართება 8 ივლისს, ახალციხესა და პანკისში 9 ივლისს.
მეორე ეტაპზე შერჩეული გუნდები გაივლიან მეწარმეობის უნარების განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს: სამდღიან ტრენინგებს რეგიონებში თემებზე - როგორ დავიწყო ბიზნესი; იდეიდან პროტოტიპამდე. ტრენინგები ჩატარდება 28-30 ივლისს (ზუგდიდი, გორი, ახალციხე და პანკისი). ონლაინ კონსულტაციებს (აგვისტო- სექტემბერი, ონლაინ); ორდღიან ტრენინგებს რეგიონებში თემებზე - ბიზნეს მოდელების განვითარება; ფინანსების მოძიება (სექტემბრის ბოლო, რეგიონებში: ზუგდიდი, გორი, ახალციხე და პანკისი).
მესამე ეტაპზე გაიმართება სადემონსტრაციო დღე თბილისში: პროგრამის დასასრულს (ოქტომბერი) საუკეთესო გუნდები ოთხივე რეგიონიდან ჩამოვლენ თბილისში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ხალხმრავალ ადგილზე (დიდ სავაჭრო ცენტრში) წარადგინონ საკუთარი პროდუქცია.
პროგრამა გათვლილია ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და პანკისში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. პროგრამაში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარულია ორგანიზატორების მიერ. მონაწილეობა შეუძლიათ 18-29 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეების დასწრება პროგრამის ყველა აქტივობაზე სავალდებულოა. გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს დარეგისტრირება და დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ფეისბუქ გვერდებზე: ზუგდიდი, პანკისი, გორი, ახალციხე.