„საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სექსინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა არ თვლის ადამიანებად, ექცევა მათ როგორც მონებს და ხშირ შემთხვევაში იყენებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ ინფორმაციის წყაროდ. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლება, როდესაც სჭირდებოდა ძალის დემონსტრირება ან სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა, ახორციელებს სექსინდუსტრიაში დასაქმებულთა ტერორს, რის შედეგადაც კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„გირჩს“ მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავება სასტუმრო „მამიდასა“ და სხვა სასტუმროებს შორის, რადგან ყველა სასტუმროში ადამიანები ფასიანი სექსუალური მომსახურებით სარგებლობენ.
„ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ძმაკაცს დაუთმობს ბინას იმისთვის, რომ იქ სექსით დაკავდეს, არსებული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დამნაშავეა და ციხეში უნდა წავიდეს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ ლიდერმა თქვა, რომ პარტიის ოფისში განთავსებულ საროსკიპოში ერთი საათით ფართის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება.
„აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი“, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ საროსკიპო მთაწმინდის ოლქში პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ გახსნა.