სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.
„სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდამ მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა“,– განაცხადა ხუცურაულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ როენა ხუცურაული, სასტუმრო „მამიდას“ მოიჯარე ზ.ქ., მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, ნ. დ 8 მაისს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.