„ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან ცუდად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ დღე უარესდებოდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან სუსტად იყო, წნევა აწუხებდა, გულის პრობლემებიც გაუჩნდა. ჩვენ დაჟინებით მოვთხოვეთ წამოგვყოლოდა და გადავიყვანეთ სასწრაფოში, ჩაუტარდა პირველი გამოკვლევები და იქ გადავწყვიტეთ, რომ გადმოგვეყვანა კლინიკაში. საბედნიეროდ სიტუაცია დასტაბილურდა. ვფიქრობ, რომ ეს ნერვულ ფონს უკავშირდება, რომელიც შექმნილია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში“, – განაცხადა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც წუხელ მაჩალიკაშვილთან კარავში იმყოფებოდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინგოროყვას სახელობის კლინიკა რამდენიმე საათში, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დატოვა და კვლავ პარლამენტის წინ, კარავში დაბრუნდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.