„სეტყვამ დიდ ტერიტორიას გადაუარა. ძირითადად დაზიანებულია ერთწლიანი კულტურები და ვენახების ნაწილი. ზარალი სამი-ოთხი დღის შემდეგ გამოჩნდება, როდესაც გამოიდარებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ზარალის ოდენობა დაახლოებით 20-25 %-ს შეადგენს“, - განაცხადა ლაგოდეხის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბოკერიამ.
სეტყვის შედეგად დაზარალდა გურჯაანის რაიონის სოფლები ვაზისუბანი და შაშიაანი. ადგილობრივების ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები, ატმის ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა დღეს, დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 80-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
„კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო ზოგიერთ ზონაში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით განხორციელდა. შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა, ნალექის უმცირესი ნაწილი კი სეტყვის სახით სოფლების აფენის, ცოდნისკარის, გავაზის, შაშიანის და ველისციხის ტერიტორიაზე სროლებისთვის შეზღუდულ ზონაში საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩამოიცალა“, - აცხადებენ „დელტაში“.
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 1-ლი აპრილიდან მუშაობს და 600 ათას ჰექტრს იცავს. მიუხედავად ამისა, სამ თვეში რეგიონში 30-ზე მეტი სოფელი დაისეტყვა.