„ხიდი (კონსტრუქცია) სპეციალური დომკრატებით აიწია და დაზიანებული საყრდენები გამოიცვალა. მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, ახალი რკინა-ბეტონის თვალამრიდები, სანიაღვრე სისტემა, ჰიდროიზოლაცია და სადეფორმაციო ნაკერები; მოაჯირები შეიღება სპეციალური საღებავით, რაც მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს; დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების ქსელის მოწყობა LED სანათებით და საჰაერო კომუნიკაციები გზის საფარის ქვეშ მოექცა.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია განაპირა ბურჯების ფილით მოპირკეთება, რათა მდგრადობასთან ერთად, ხიდის ვიზუალიც შესაბამისი იყოს. რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხიდის ტერიტორიაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულებიც გამწვანდა. დაახლოებით, 500 კვ. მეტრამდე ფართობის გზაგამყოფ კუნძულებზე რულონური ბალახი დაიგო, განხორციელდა მულჩირების სამუშაოები, ასევე, დაირგო ჭყორის მარადმწვანე ბუჩქები და მოეწყო სარწყავი სისტემა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
რეაბილიტირებულ ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით მოძრაობს: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები - N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N195 და N202 წერეთლის გამზირს გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, ვახუშტის ხიდით უკავშირდებიან.