weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს 2.3 წლით პატიმრობა მიესაჯა

10:15 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა. 

„ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა რა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დ.ღ-მ მიუთითა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ.კ-ც, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო ფიზიკურ დაპირისპირებაში მ.კ-ს მონაწილეობა. ამასთან დ.ღ-მ, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, გონება დაკარგა და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დავით სარალიძე უკვე დაჭრილი იყო“, – აცხადებს პროკურატურა.

მათივე მტკიცებით, აღნიშნული მოქმედებით დ.ღ.-მ აირიდა პასუხისმგებლობა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი, ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა.

„გარდა ამისა, მოწმე დ.ღ.-მ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ფაქტი, გამოძიებით კი დადგინდა, რომ მათ შორის შეხვედრასა და საუბარს რეალურად ჰქონდა ადგილი 2018 წლის თებერვალში“, – აღნიშნავს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]