ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია ნამდვილად არ ჰქონია. ჩვენ დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას. ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, რაც დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს“, – განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს ჩაინიშნა. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაინიშნება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 22 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა. შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.