არსებობს ე.წ. პირველადი და მეორადი თავის ტკივილი. პირველადი არის უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც არაა გამოწვეული თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებით. მისი დიაგნოსტიკა ხდება ძირითადად, ანამნეზის შეკრებით და კლინიკური გასინჯვით. მისი სახეებია:
- შაკიკი
- დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი
- და ე.წ. ტრიგემინულ-ავტონომიური თავის ტკივილები.
შაკიკი ქრონიკული დაავადებაა და ვლინდება ცალმხრივი და მფეთქავი თავის ტკივილით. რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში წინ უსწრებს უგუნებობა, მხედველობითი და სმენითი დარღვევები. ტკივილი გრძელდება 72 საათამდე, რის დროსაც ადამიანი არის შრომისუუნარო, ფიზიკური აქტივობა უძლიერებს ტკივილს და არჩევს სიწყნარეში და სიბნელეში წოლას.
დაძაბულობის თავის ტკივილი -ყველაზე ხშირია პირველად თავის ტკივილებს შორის. იგი ლოკალიზდება შუბლში, საფეთქლებში, მთელს თავში, აქვს მოჭერის, ზეწოლის ხასიათი, ორმხრივია, წინ არ უსწრებს კონკრეტული შეგრძნებები, არ ახლავს თან სინათლისა და ხმაურის აუტანლობა, ფიზიკური აქტივობა არ აძლიერებს ტკივილის განცდას. გრძელდება რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღემდე.
ტრიგემინულ-ავტონომიური თავის ტკივილები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილის ცალმხრივობა, მოკლე ხანგრძლივობა, განმეორადობე და ვეგეტატიური სიმპტომების თანხლება (ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, სახის გაწითლება, შეშუპება, თვალის ნაპრალის შევიწროვება, ცხვირიდან გამონადენი და სხვა).
აღსანიშნავია რომ, სანამ დაისმის პირველადი თავის ტკივილის დიაგნოზი, ზოგ შემთხვევაში გამოსარიცხია მეორადი თავის ტკივილი, რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. მაგ. ტრავმა, ინფექცია, ინტოქსიკაცია მედიკამენტებით. სისხლძარღვების ადგილობრივი დაზიანება (ანევრიზმა, არტერიულ-ვენური მალფორმაცია) და სხვა. თვითეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს და მათზე ეჭვის მიტანის შემდეგ საჭიროებს როგორც ანამნეზის შეკრებასა და კლინიკურ შეფასებას, ასევე ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ:
- ტკივილი პროგრესირებს
- ძლიერდება პოზის შეცვლის დროს
- ადრე არსებულმა ტკივილმა იცვალა ხასიათი
- ტკივილი აღმოცენდა ონკოლოგიური ან აივ ინფექციის დროს
- თავის ტკივილი აღმოცენდება ხოლმე დილით და თან ახლავს ღებინება
- ხასიათით არის ძალიან ძლიერი და თავზარდამცემი
- თან ახლავს კიდურების სისუსტე ან რაიმე სხვა შეგრძნებები (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი)
- ტკივილი ცალმხრივია.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პაციენტები ხშირად დიაგნოსტიკის გარეშე, თვითნებურად იღებენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, რაც იწვევს დაავადების ეპიზოდური ფორმის ქრონიკულში გადასვლას. გარდა ამისა, მედიკამენტების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის ზღურბლის დაქვეითება და ტკივილების გახშირება.
ზოგჯერ შესაძლებელია ქრონიკული თავის ტკივილი სინამდვილეში იყოს მეორადი და წარმოადგენდეს სერიოზული დაავადების ერთადერთ გამოვლინებას, რაც დროულ დიაგნოსტიკასა და ჩარევა-მკურნალობას მოითხოვს.
- რას ურჩევდით პაციენტებს?
პაციენტებს ვურჩევთ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობას შეძლების ფარგლებში, წონის კორექციას, ძილ-ღვიძილის რიტმისა და კვების მოწესრიგებას, სტრეს ფაქტორების შემცირებას ან შეგუებას მათთან, თვითმკურნალობაზე უარის თქმასა და პირველ რიგში, კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციის მიღებას.
[R] ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ინფორმაცია