თოლორაიას თქმით, ბავშვის დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.
„აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება მტკიცებულებების მოპოვება და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების მომენტში ნამდვილად იყო 15 წლის და 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 22 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა. არასრულწლოვანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვანი დედის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბერში არასრულწლოვნის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ შსს-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აცნობა, თუმცა მაშინ ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. შსს-ს ცნობით, გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან მიღებული შეტყობინება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება ერთ თანამშრომელს შეუწყდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის გამო. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. ხოლო მეორე მუხლის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.